საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

6.2.15

ქველმოქმედის დახმარება კუკავების ოჯახს (video)


დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ხამისკურში მცხოვრებ მერაბ კუკავას ოჯახში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
კუკავების ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. მათი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, სიძველის გამო ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩამოანგრია. ავარიულ სახლში მცხოვრები ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვდა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. მისი დავალებით ადგილზე გავიდა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური, აღიწერა სახლის მდგომარეობა და დადგინდა, რომ შენობა, საცხოვრებლად უვარგისობის გამო მცხოვრებთათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ოჯახის ახლობლების და ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით აშენდა სახლის კედლები, რომელიც გადახურვას მოითხოვდა.
შპს „კარიერის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ ბასილაიამ დაზარალებულ ოჯახზე ინფორმაციის მიღებისთანავე დახმარების სურვილი გამოთქვა და სახლის გადასახური მასალა, სხვა სამშენებლო მასალებთან ერთად დაზარალებულ ოჯახს საჩუქრად გადასცა.
კუკავების ოჯახი, მათი ახლობლები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა თამაზ ბასილაიას და ყველა ქველმოქმედ ადამიანს მადლობას უხდის კეთილი საქმისთვის.