როგორ დავიცვათ პატარები ვირუსებისგან-პედიატრის რეკომენდაცია და რჩევები. ექიმ-პედიატრ სვეტლანა გვათუას ესაუბრა ჯემალ ღამბაშიძე
- რა არის ვირუსის გამომწვევი მიზეზი და რა სიმპტომებით ხასიათდება ის?
- ზემოსასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა. უპირატესად ხშირია ბავშვთა ასაკში, გაზაფხულზე და შემოდგომის პერიოდში. არც თუ იშვიათია ზამთრის პერიოდში, როცა ბავშვები იმყოფებიან დახურულ სივრცეში, ბაგა-ბაღებსა და სკოლებში. სწორედ, ზემოთ აღნიშნულით აიხსნება დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ბოლო პერიოდში დაავადებას ახასიათებს შედარებით რთული მიმდინარეობა, უპირატესად ახალშობილებში, აგრეთვე ზემო სასუნთქი სისტემის პათოლოგიით ხშირად მოავადე უფროსი ასაკის ბავშვებში. მნიშვნელობა აქვს კვების ტიპს. ბუნებრივ ანუ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შეძენილი იმუნიტეტის საფუძველზე დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.
ზემოსასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელია დაავადების სწრაფი განვითარებატემპერა-ტურული რეაქციით, ცემინებით, ცხვირიდან გამონადენით და მშრალი ხველით. ალერგიული დიათეზით დაავადებულ ბავშვებში ხშირია უხეში, შემაწუხებელი ხველის ფონზე გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა.
უფროსი ასაკის ბავშვებში დაავადება მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ხშირია კონიუნქტივიტი, თვალებიდან ჩირქოვანი გამონადენი. ადრეული ასაკის ბავშვებში შესაძლებელია დაავადება გამოვლინდეს პირღებინებით, მადის მკვეთრი დაქვეითებით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით. ე.წ. დიარეით.
- როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რჩვევები: პირველ რიგში, საჭიროა ავადმყოფის გამოცალკავება. ოჯახის ჯანმრთელი წევრებისაგან, განსაკუთრებით თუ ოჯახში იმყოფებიან პატარა ბავშვები. საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება, კვების მოწესრიგება. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს უნდა მიეცეს ძუძუ უფრო ხშირად და ასაკის შესაბამისად თხიერი საკვები. აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. თუ მეძუძური დედა არის დაინფიცირებული აუცილებელია ნიღაბის ტარება, რომელიც უნდა გამოიცვალოს ყოველ 2 საათში. საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ავადმყოფი წევრის პირადი ჰიგიენის ნივთების გამოცალკევება ჯანმრთელისაგან. მშობელმა აუცილებლად უნდა აცნობოს ოჯახის ექიმს ბინაზე ავადმყოფი ბავშვის შესახებ. მიაწოდოს ინფორმაცია დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ, რათა დროულად მოხდეს ექიმის კონსულტაციის ჩატარება და საჭირო მკურნალობის განხორციელება დინამიკაში უბნის ექიმის მეთვალყურეობით. განსაკუთრებით, მშობლის ყურადღება უნდა გამახვილდეს თუ კი ბავშვს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მადის მკვეთრი დაქვეითება, პირღებინება ან ფაღარათი. აუცილებელია სითხეების ზომიერი მიღება, ექიმის დანიშნულების ზუსტად შესრულება რათა დროულად გაეწიოს პატარას შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და არ გახდეს აუცილებელი ჩვილის ჰოსპიტალიზაცია ბავშვთა განყოფილებაში. თუ დაავადება მიმდინარეობს მსუბუქ ფორმებში ანუ დამაკმაყოფილებლად, აუცილებელია ბინაზე ექიმის დანიშნულების მკაცრად დაცვა. მოავადე ბავშვები არ უნდა სტუმრობდნენ სასწავლებელს, მანამ, სანამ ტემპერატურული რეაქცია ან ზემოსასუნთქ გზებში უხვი კატარალური მოვლენები აღენიშნებათ. დაავადების გამოსავალი ყოველთვის დამოკიდებულია მშობლისა და ახლობლების სწორ ტაქტიკაზე ნებისმიერი ავადმყოფობის დროს.
- იმატა თუ არა მომართვიანობამ პოლიკლინიკაში წინა წლებთან შედარებით?
- წინა წლებთან შედარებით პაციენტების სიხშირე მკვეთრად გამოხატული არ არის.
- გმადლობთ.