ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.
საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.
საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება. ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაუძღვებიან.
კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. თანდართული დოკუმენტი) და წარადგინოთ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 1-დან 8 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51
საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:
თელავი, დავითაშვილის ქ. № 2
სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. № 13
ახალციხე, რუსთაველის ქ. №45
მარნეული, რუსთაველის ქ. №69
რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19
გორი, სამების ქ. №1
ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №31
ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58
ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27
ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1