საინფორმაციო ბლოგი მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ, დროულ, ობიექტურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

28.11.14

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანგარიში

2014 წლის 28 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის თანამდებობის პირები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პირველ საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“, რომელიც წარმოადგინა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზ. ბუკიამ. მისი განმარტებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონალური პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადდა 8 საპროექტო წინადადება, მასში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განსახორციელებელი აუცილებელი ღონისძიებები. მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი, რომელიც წარმოდგენილ იქნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შ. სირაძის მიერ, პროექტის თანახმად საკრებულოს აპარატის საშტატო რიცხოვნება შემცირდა ერთი ერთეულით. ხოლო მესამედ საკითხად საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გ. სიჭინავას მიერ წარმოდგენილ იქნა განკარგულების პროექტი „ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების შენახვის წესების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 თებერვლის N116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების შენახვის წესების დარღვევისთვის როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისთვის დადგინდა შემდეგი საჯარიმო სანქციები: ფიზიკური პირებისთვის განისაზღვრა ჯარიმის თანხა 10 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 20 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50, ხოლო განმეორების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

                                                                  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაცია