ბეჩოში ამ ლამაზ სოფელში მთის ქალი დიანა ცხოვრობს - 93 წლის ბებო. მთასავით დიდიებული და თავისუფალი ადამიანი. მრავლის მომსწრე და მნახველი. შვილებით, შვილიშვილებითა და ბადიშით მდიდიარი ქალი. - ჩემი ცხოვრება მთაში დაიწყო... 1927 წელს მე და ჩემი ქმარი ერთ დღეს დავბადებულვართ... მაშინ უთქვამთ, რომ ერთმანეთის ბედისწერა იქნებიანო.. ასეც გამოდგა. პირველ კლასში ერთად მოვხვდით სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ მე ჭკიდარიდან ვიყავი , ის კი დოლიდან. პირველსავე დღეს ჩაუვარდი გულში. მესამე კლასში გვირგვინი გადამიცვალა ( ეს ჩვენი ტრადიციაა, და დანიშვნის ტოლფასია), ძალიან გავბრაზდი. მაგრამ ღმერთის ნებას აბა ვინ გაექცევა და ჩვენ წლების შემდეგ დავქორწინდით. ჩემი კაცი სტუმართმოყვარე ადამიანი იყო, აცხონოს სალოცავებმა. გზადმავალი ჩვენთან ათენ-აღამებდნენ და ეს ჩვენთვის პატივი იყო. ხუთი შვილი შეგვეძინა, აქედან ერთი აფხაზეთის ომის გმირია - გენო. პირველი დღიდან იცავდა ქართველებს, ის აფხაზებს არ ებრძოდა, მათ უკან მდგარ მტერს, რომელმაც ჩვენს შორის შუღლი ჩამოაგდო. 22 წლის შემდეგ გავიგე მისი გარდაცვალება. მანამ კი ყოველი დღე იმ იმედით ვიღვიძებდი, იქნებ დღეს დაბრუნდეს და შემოაღებს კარებს-მეთქი. 22 წლის შემდეგ დადგინდა მისი გარდაცვალება...აფხაზებთან ერთად იყოფდა ამდენი წელი ჩემი შვილი სამარეს..ეჰ, გული მიკვდება, გენო მოკლეს მაგრამ მანაც რამდენს მოუსწრაფა სიცოცხლე, რამდენი დედა აატირა ალბათ. ეჰ.. ცუდია ომი ცუდი..არავისთვის მოაქვს სიკეთე... ომში არ არსებობს გამარჯვებული. ომში ყველა დამარცხებულია შვილო. ორმა ომმა მომისწრო. გენო პირველი გმირია, რომელიც ვაშლიჯვარში დაკრძალეს... მე ჩემი შვილი საქართველოს ვაჩუქე. ის მარტო ჩემი გმირი არაა.. მე ჩემი შვილებით ვამაყობ, ისინი სამშობლოს სიყვარულით გავზარდე. ბერდია ყველაზე ნაბოლარა, სოფლის გაჭირვების ტალკვესია, მიხარია სოფლის სიყვარულით ბეჩოში ბევრ სიკეთეს აკათებს, მინდა ასე გააგრძელოს და სოფელი გააძლიეროს. სოფელი თუ მყარად დგას, ქვეყანასაც ეშველება და მოძლიერდება. - დაგილოცავთ შვილებო ახალ წელს. შეგეწიოთ ყველა წმინდა სალოცავი, წმინდა გიორგის მახვილმა დაგიფაროთ. ომი გაშოროთ...სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება დაგებედოს საქართველო. ხოშალადეღ უჯარ. ლელა ალანია.